05 მაისი

5 მაისს სასიქადულო პოეტი და მამულიშვილი ზურაბ გორგილაძე 80 წლის გახდებოდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავთან შეიკრიბნენ: ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები, ახლობლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარიდან, ცნობილი მწერლები, პოეტები, ხელოვანები, სასულიერო პირები, საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რიგითი ბათუმელები. შეკრებილებმა ქვეყნის, მისი ძირძველი კუთხის საამაყო შვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი უკვდავი პოეტური სტრიქონები, რომლებიც წლებია ქართული პოეზიის მარგალიტებად იქცნენ. საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა, დეკანოზებმა - მამა სერგიმ (რუხაძე) და მამა ანდრიამ (თურმანიძე) პოეტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ამავე დღეს ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში პოეტის სახელობის სკვერი და მემორიალური დაფა საზეიმოდ გახსნეს: ზურაბ გორგილაძის მეუღლემ ლეილა დავითაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაშმა.

ჩაქვიდან საიუბილეო ღონისძიებების მონაწილეებმა ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელში - გორგაძეებში გადაინაცვლეს, სადაც მამისეულ სახლში პოეტის სახლ-მუზეუმი გაიხსნა, ხოლო მოგვიანებით ხალას კულტურის სახლში პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართა.