11 მაისი

11 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის 12-კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან: ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარ პშივილსკი, ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი, პარლამენტის წევრები, ქალაქ მილიჩის საკრებულოს თავმჯდომარე ზდისლავ იაშინსკი, ამავე ქალაქის ვიცე-მმართველი სლავომირ სტრელეცკი და სავოევოდოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები თბილისში, საქართველოს პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებს - დავით გაბაიძესა და ზურაბ პატარაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს მერაბ კარანაძეს, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ინგა შამილიშვილს შეხვდნენ.

-პოლონეთი და საქართველო მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებია. პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები რეგიონებს შორის გრძელდება, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ვოლსკი, ილია ნაკაშიძე და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და დასახეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები.