11 მაისი

11 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მეუღლეებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის თეატრში, პოეტ ზურაბ გორგილაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ „ბათუმურ საღამოს“ დაესწრნენ.

მაყურებლის წინაშე, ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად, მელიტონ კუხიანიძის სახელობის აჭარის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და ბათუმელი მომღერლები: ნინო ქათამაძე, ლაშა ღლონტი, სოფო ხალვაში, ირაკლი კახიძე, აგრეთვე კომპოზიტორები დავით ევგენიძე და ზაზა მარჯანიშვილი წარსდგნენ.

თბილისში გამართულ „ ბათუმურ საღამოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში სტუმრად მყოფი პოლონეთის დელეგაციის წევრები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები ესწრებოდნენ.

დედაქალაქში გამართული ზურაბ გორგილაძის საიუბილეო საღამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული.