19 ივლისი

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებიდან სამი წლისთავზე, ბათუმს პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაცია ეწვია ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის - ცეზარ ფშიბილსკის მეთაურობით.

დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სეიმიკისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან -ტიტე აროშიძესთან და ილია ვერძაძესთან ერთად უმასპინძლა.

დავით გაბაიძემ პოლონელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. როგორც ცნობილია, 2018 წლის 19 ივლისს, ქვემო სილეზიის სეიმიკმა, ვროცლავში მიღებული რეზოლუციით დაგმო საქართველოს ოკუპაცია და აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.