14 მაისი

14 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე , საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტის ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატები- ნუკრი ბეჟანიძე, კობა ნაკაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ .

ტრადიციული შეჯიბრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სპორტისა და კულტურის სინთეზი ახალგაზრდებმა ქართული საბრძოლო ხელოვნების მეშვეობით წარმოაჩინეს.

დავით გაბაიძემ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ მსოფლიო ჩემპიონს და სპორტის რაინდს – მუხრან ვახტანგაძეს მიულოცა თავისი სახელობის ტურნირის მასშტაბების გაზრდა, წარმატებები უსურვა მონაწილეებს და იქვე აღნიშნა, რომ ჩემპიონი სპორტსმენები ქმნიან ქართული სპორტის ისტორიას და სამშობლოს სახელი გააქვთ საერთაშორისო ასპარეზზე. აღნიშნული ტურნირი, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW –ის ეგიდით, საქართველოში პირველი საერთაშორისო შეჯიბრების სახელით დაფიქსირდა.