20 სექტემბერი

 საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.

 უმაღლესი საბჭოს წევრების  - გია აბულაძისთვის, ლევან ანთაძისთვის, ელგუჯა ბაგრატიონისთვის, მედეა ვასაძისთვის, გიორგი კირთაძისა და  მამული სურმანიძისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა, როგორც აღინიშნა, 2021 წლის საგაზაფხულო სესიის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენამ განაპირობა.

 ლადო მგალობლიშვილის განცხადებით,  აჭარის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომელიც ასეთ შემთხვევაში არასაპატიო მიზეზით გამცდენი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს.

 საკითხს კანონმდებლები უმაღლეს საბჭოს სხდომაზე უყრიან კენჭს.

 ამავე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა  განსაზღვრეს და მხარი დაუჭირეს ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს, ასევე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებს.

 სხდომის ბოლოს, ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე გამოყენების შესახებ, ისევე როგორც დღის წესრიგის სხვა საკითხები, კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.