15 ოქტომბერი

აჭარის უმაღლეს საბჭოში მალე მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამოქმედდება. სრულად ადაპტირებულ სივრცეში მოქალაქეები არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას გაეცნობიან, არამედ უმაღლესი საბჭოს წევრებს, აპარატის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღებენ საჭირო ინფორმაციას.
ოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მოწყობას უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და მისი მიზანი აჭარის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და საბჭოს შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა, რაც ასევე ითვალისწინებს შენობაში ექსკურსიებს და საბჭოს ფუნქციებზე მოქალაქეთა ინფორმირებას ექსკურსიის დროს.
ცენტრი საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე მოეწყობა და ამოქმედდება.
ამავე გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია უმაღლესი საბჭოს შენობის სრული ადაპტირება და ინტერნეტტრანსლაციის სისტემით უზრუნველყოფა. პირდაპირი ეთერით უმაღლესი საბჭოს სხდომების გადაცემა მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ოპერატიულად გაცნობის საშუალებას მისცემს.
მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართვლოში" მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით მომზადდა.
ცენტრის მოწყობაზე უკვე გამოცხადდა ტენდერი.