24 ნოემბერი

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2021 წლის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობის და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია დღის წესრიგის პირველ საკითხად განიხილეს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც აჭარის სატყეო სააგანტოში გაიმართა.

სხდომაზე მოხსენება ამავე სამმართველოს უფროსის პირველმა მოადგილემ - ვახტანგ ბაგრატიონმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი 5 491 488 ლარია და I-III კვარტლის შესრულების პარამეტრები, პროგრამების მიხედვით, 90 %-ს აჭარბებს. სამმართველომ საანგარიშო პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროს მართვის პროგრამა 93, 3 %-ით,  გარემოს დაცვითი პროგრამა -100 %-ით, ტყის დაცვისა და მოვლის - 80,2 % -ით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების - 100 %-ით, ორგანიზაციული მართვისა და ინფრასტრუქტურის პორგრამა კი 90,9 %-ით შეასრულა.  პრობლემატურ საკითხებზე მიმართული ღონისძიებებისა და რიგი ქვეპროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა და ამავე სამმართველოს უფროსმა ჯემალ ნაკაშიძემ, კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხეს, მოისმინეს მათი მოსაზრებები ცალკეულ საკითხებზე.

სხდომაზე ასევე მოისმინეს აჭარის სატყეო სააგენტოს 2021 წლის სამუშაოების მიმდინარეობის და მოსახლეობის სოციალური ჭრის შედეგად ხე-ტყით დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც სააგენტოს უფროსის მოადგილემ - ჯუმბერ აბულაძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს და მოისმინა მათი რეკომენდაციები, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში  აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ფრიდონ ფუტკარაძის ინიციატივით,  დარგის სპეციალისტების მონაწილეობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოციალური ჭრის შედეგად მოსახლეობის ხე-ტყით დაკმაყოფილების მექანიზმების გაუმჯობესებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმობა.

გასვლით სხდომაზე წარმოდგენილი ორივე ინფორმაცია კომიტეტმა ცნობად მიიღო.