18 მაისი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში სწავლების უკრაინულენოვანი სექტორი ამოქმედდა.

 უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიესალმა და უკრაინელ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა.

 ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე. მისი განცხადებით, უკრაინელ მოსწავლეებს, ამიერიდან, თბილისის შემდეგ, მშობლიურ ენაზე ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ბათუმშიც ექნებათ.

  დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს გულითადი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.