18 მაისი

        აჭარის უმაღლეს საბჭოში სტრატეგიული განვითარების დოკუმენტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნიკ ბერესფორდმა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა - ქეთევან კვინიკაძემ გახსნეს.

      „ეს გახლავთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებმაც უმაღლესი საბჭო  განვითარების ახალ საფეხურზე უნდა აიყვანოს“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.  მან თავის მისასალმებელ სიტყვაში საკანონმდებლო ორგანოს მიერ ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით განვლილ გზაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა პარტნიორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებს.

     აჭარის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნიკ ბერესფორდმა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა - ქეთევან კვინიკაძემ. მათი განცხადებით, მისასალმებელია, რომ სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავდა მრავალმხრივი ჩართულობით და წარმატებით გრძელდება მუშაობა პარტნიორებთან.

     უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური განვითარებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიები საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა - ხათუნა ნაყეურმა, მასმედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა - ფერიდე უსტიაშვილმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინეს.

        აღნიშნული დოკუმენტები 2021-2024 წლების პერიოდში საბჭოს მიერ დასახულ უმთავრეს მიზნებს მოიცავს  და კვლევაზე დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვას, საზედამხედველო მექანიზმების ღიად და აქტიურად გამოყენებას, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, საბჭოს შესახებ ცნობიერების გაზრდასა და ორგანიზაციული პროცესების დახვეწას ითვალისწინებს.

      როგორც უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ გეგმების განხორციელების სტრატეგიული ჩარჩო-დოკუმენტის წარდგენისას აღნიშნა,  საკანონმდებლო ორგანოში ორი ძირითადი მიმართულებით განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები: არსებული რესურსის ოპტიმიზაციით გარდაქმნილ  მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გაძლიერდა საკომუნიკაციო არხები, შეიქმნა ახალი, მრავალფუნქციური ვებპორტალი - chaerte.sca.ge და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი. ამასთან,  უმაღლეს საბჭოში, უკვე აპრობირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელიც პროცესის კოორდინაციას და უწყვეტობას უზრუნველყოფს.

    პრეზენტაციას  საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა უწყების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    სტუმრებმა დაათვალიერეს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და გაეცნენ  chaerte.sca.ge-ზე საგანგებოდ მოქალაქეთათვის შექმნილ ახალ ელექტრონულ სერვისებს, შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს.

     აჭარის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური განვითარების მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში.