05 ივნისი

  გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გონიოს სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე, ტიტე აროშიძე და  მარინე გვიანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ.

 „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდობა ჩართულია  ისეთი მასშტაბური გამოწვევის დაძლევაში, როგორიცაა გლობალური დათბობა. გარემოს დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარებით გამოწვეული კასტროფების შემცირების საკითხების მოგვარებაში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

 „მნიშვნელოვანია, რომ სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში ჩართულები არიან  სტუდენტები. ამ ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ უნდა ავაშენოთ უკეთესი მომავალი. მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში  საზოგადოების აქტიურ ჩართვას“  - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ.

 „ჩვენი ვალია ვიზრუნოთ გარემოზე, გავუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს, ეკოლოგიურ მდგომარეობას, დავიცვათ ჰაერი და წყალი დაბინძურებისაგან, ამით ხელს შევუწყობთ გლობალური დათბობის პროცესების შეჩერებას და მომავალი თაობის უსაფრთხო პირობებში ცხოვრებას“ - აღნიშნა  უმაღლესი საბჭოს წევრმა მარინე გვიანიძემ.

 გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველი წლის 5 ივნისს  აღინიშნება.