06 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ,  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა -  საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  საკითხზე წამყვანმა კომიტეტმა I მოსმენით განიხილა.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

  კანონის პროექტის მიღება განპირობებულია აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და მისი ინიციატორი აჭარის უმაღლესი საბჭოა.