09 ივნისი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ,  საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა -  საქართველოს კანონის პროექტები: „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , კანონმდებლებმა პირველი მოსმენით განიხილეს.

 პარლამენტმა 95 ხმით „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით მიიღო.

  საკანონმდებლო პაკეტის მიზანი  მაჭახლის ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობაა.

  აჭარის  უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული კანონის პროექტის ავტორები არიან: საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვლადიმერ მგალობლიშვილი, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).

 კანონის პროექტის მიღება განპირობებულია აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.