15 ივნისი

  „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ჩვენგანს აქვს უფლება იცხოვროს თანაბარ გარემოში“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, ბათუმში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმის გახსნისას.

  სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა“ და აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ფორუმის გახსნას, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე და ფატი ხალვაში, ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

 უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ, თავის მისასალმებელ სიტყვაში, მსგავსი ფორუმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

 როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ფორუმის მიზანი აჭარაში დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და დამსაქმებლების ერთიან სივრცეში მობილიზებით, დასაქმების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამების ხელშეწყობაა.

 აჭარაში მოქმედი 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია სამუშაოს მაძიებლებს სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროებში არსებულ ვაკანსიებს სთავაზობს.