19 მაისი

       19 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია "მაჟორიტარების" ხელმძღვანელი ილია ვერძაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს და პედაგოგებს შეხვდნენ, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო განვითარების პროგრამის - "მომავლის თაობა" - ახალგაზრდულ ფორუმში.
     აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი მოსწავლეებს სახელისუფლებო შტოების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კანონშემოქმედებით საქმიანობაზე ესაუბრა.
      შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელიც, ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე  და  მოსალოდნელ ცვლილებებს შეეხო. საქართველოს კონსტიტუციის საჯარო განხილვის და საარჩევნო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილების მნიშვნელობაზე განმარტებები გააკეთეს მერაბ კარანაძემ, ილია ვერძაძემ და პეტრე ზამბახიძემ.
   მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს და აღნიშნეს, რომ ამგვარი შეხვედრები მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება, უკეთ განსაზღვრონ თავიანთი მომავალი.
         შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 
          სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ორგანიზაციის “PH international” მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID ) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების სააგენტო. პროგრამაში ჩართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე მუნიციპალიტეტის და ქალაქ ბათუმის ათობით საჯარო სკოლა.