12 აგვისტო

„მაღალმთიან აჭარას, „კუნტიჯვრობის“ სახით, კიდევ ერთი სახალხო დღესასწაული შეემატა, რომელიც „დიდგორობის“ დღეს იმართება მთა ჩირუხში. ეს ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიას ინახავს და ბილიკით უკავშირდება დარჩიძეების ციხეს. დარწმუნებული ვართ, აქაურობა ბევრ ვიზტორზე მოახდენს უდიდეს შთაბეჭდილებას. ამ ადგილის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს მსგავსი ღონისძიებებიც, რომელთა მიზანი ადგილობრივი ყოფის, ტრადიციებისა და კულტურის წარმოჩენაა“’, - განაცხადა მაღალმთიანი აჭარის დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ ჩირუხის მთაზე გამართულ „კუნტიჯვრობის“ დღესასწაულზე. „კუნტიჯვრობის“ დაწესების იდეა ცნობილ ენათმეცნიერს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრსა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერს, ბათუმის პრეფექტსა (1991) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრულ პროფესორს - ტარიელ ფუტკარაძეს ეკუთვნის. თავისი ქვეყნისა და მშობლიური აჭარის უზომოდ მოყვარული მეცნიერის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის იდეა დიდგორის ველზე საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოა და იგი ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად იქცა. ჩირუხში შეკრებილებს, მიესალმა და დღესასწაული მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ. მისი განცხადებით, ისტორიამ არაერთი ბრწყინვალე ფურცელი შემოგვინახა, რომელთა შორის „დიდგორობა“ მართლაც გამორჩეულია და მას საქართველოს ბევრ კუთხეში, მათ შორის აჭარის მაღალმთიანეთში, განსაკუთრებულად აღნიშნავენ. სახალხო ზეიმი, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, მემთეურები და მაღალმთიანი აჭარის სტუმრები ესწრებოდნენ, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.