10 სექტემბერი

    ქედის მუნიციპალიტეტსა და  ქალაქ ბარდოს კომუნას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებას, ქალაქ ბარდოს კომუნაში, აჭარის დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა. ქართული მხარე პოლონეთში, კარპაჩის 31-ე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.

      ხელმოწერამდე შეთანხმება, ბარდოს კომუნის საბჭოს სხდომაზე კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს. სხდომას აჭარის დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.

       6-მუხლიანი დოკუმენტი, რომელსაც ბარდოს და ქედის მერებმა - კრიშტოფ ჟეგანსკიმ და როლანდ ბერიძემ მოაწერეს ხელი, პოლონეთისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამოცდილების გაზიარებას, თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირის ფონდებიდან, კომუნალური და საერთაშორისო პროგრამებიდან რესურსების გამოყენებას, ტურიზმის, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამასთან, მხარეებს შორის პერიოდულად გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

      ქვემო სილეზიის სავოევოდოსა და აჭარას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს 2011 წელს მოეწერა ხელი, რის საფუძველძეც, გაფორმდა შეთანხმება აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სილეზიის სავოევოდოს სეიმიკს შორის. ორ საკანონმდებლო ორგანოს მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აისახა რეგიონების დონეზე ადგილობრივ თვითთმმართველობების თანამშრომლობაზე და ბათუმის, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების შემდეგ, ქედა რიგით მეოთხეა, რომელთანაც პოლონურმა მხარემ შეთანხმება გააფორმა.