16 სექტემბერი

ბათუმი სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-3 საერთაშორისო გამოფენას - „Expo Med Batumi - 2022“ მასპინძლობს, რომლის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 

     „მსგავსი გამოფენები ძალზე მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, ამ სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანებას, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ბიზნესკონტაქტების მოძიებასა და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას,“- აღნიშნა დავით გაბაიძემ  თავის მისასალმებელ სიტყვაში.

    „Expo Med Batumi – 2022-ში“ 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს.  კომპანია „GEONET EXPO-ს“  მიერ ორგანიზებული  გამოფენის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მედიკოსების მონაწილეობით, ჩატარდება სამედიცინო კონფერენცია, რომელზეც თანამედროვე მედიცინის გამოწვევები, მათი დაძლევის გზები, მიღწევები და ინოვაციები განიხილება. გარდა ამისა, გამოფენის მსვლელობისას გაიმართება სისხლის დონაციის აქცია სახელწოდებით - ‘’გაეცი სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’.

   „Expo Med Batumi - 2022“  18 სექტემბერს დაიხურება.