22 მაისი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები -  გიორგი მანველიძე, ხვიჩა შარაშიძე, ცოტნე ანანიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ვლადიმერ მგალობლიშვილი და პეტრე ზამბახიძე 22 მაისს ხულოს  მუნიციპალიტეტში გამართულ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობდნენ.
         საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია განხილვის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისაგან დავით მათიკაშვილისაგან მოისმინეს. კანონპროექტებით გათვალისწინებულ ცალკეულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონმდებლების მიზანია შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემს ნდობის მანდატი გადასცენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დააკომპლექტებს მთავრობას. მან, ასევე, ისაუბრა პოლიტიკური ბლოკების გაუქმების თაობაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

       ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის უმთავრესი კანონების ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოხატეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

       განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისების წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, საბანკო კრედიტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციები , მისი მთავრობის დამტკიცების წესი, დეპუტატის ასაკობრივი ზღვარი და ა.შ.

      საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხულოში სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.