27 დეკემბერი

უმაღლეს საბჭოში, ქალთა მეწარმეობის წამახალისებელი გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიებაზე, აჭარის მუნიციპალიტეტებიდან, 20-ზე მეტი მეწარმე ქალის მიერ წარმოებული პროდუქციის  გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ექსპოზიციაზე ძირითადად წარმოდგენილი იყო - ხელნაკეთი ნივთები და სასურსათო ნაწარმი.

„გამოფენის მიზანია მეწარმე ქალების წახალისება, თანადგომა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და ახალი იდეების მოტივირება. უმაღლესი საბჭო აქტიურად მუშაობს აჭარის მუნიციპალიტეტებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გათვალისწინებულია გენდერული ბიუჯეტირების საკითხები, სხვადასხვა პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც არაერთ მეწარმე ქალს მიეცემა საკუთარი იდეების გენერირების, სამეწარმეო უნარების განვითარების საშუალება“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ფატი ხალვაშმა.

გამოფენა აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.