05 მარტი

  აჭარის ოფიციალური დელეგაცია პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში გამართულ ტურიზმისა და დასვენების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

  გამოფენაზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 220-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, აჭარა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონი, საგანგებო და მრავალფეროვანი კუთხითაა წარმოდგენილი.

  გამოფენის გახსნის ცერემონიას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე, აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე, ფინანსთა და ეკონომიკოს მინისტრთან - ჯაბა ფუტკარაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან ერთად ესწრებოდნენ.

  დელეგაციის წევრებმა და ვიზიტორებმა დაათვალიერეს ბრანდენბურგის, საქსონიის, ქართული და პოლონური ტურისტული ორგანიზაციების სავაჭრო სტენდები.

  გარდა ამისა, აჭარის დელეგაცია შეხვდა ვროცლავის მერს - იაცეკ სუტრიკს. მხარეებმა რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი აჭარაში.