01 ივნისი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ეგიდითა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მხარდაჭერით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის - 1 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალიდან დაიწყო, სადაც სხვადასხვა ასაკის პატარა პაციენტებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

     აქციის პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ  კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მინისტრის მოადგილემ ლელა             სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოსა და სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ჰოსპიტალი, გაესაუბრნენ პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს.

     უმაღლესი საბჭოს წევრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პატარებს 1 ივნისი მიულოცეს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშიც (BAU), სადაც საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ ახალშობილებსა და მათ დედებს. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა ისმეთ დინდარმა (მიქელაძე) საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

                       ტკბილი საჩუქრით, მხიარული ჯამბაზითა და თამაშებით დაამახსოვრდებათ 1 ივნისი მცირე სოციალური საოჯახო ტიპის აღსაზრდელებსაც. მათ უმაღლესი საბჭოს  დეპუტატებს მადლობა ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის სახელდახელო კონცერტით გადაუხადეს. სახლის ხელმძღვანელის მაია ქათამაძის განცხადებით, აქ შესაბამის პროგრამაში სხვადასხვა ასაკის 5 აღსაზრდელია ჩართული.

         ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საჩუქარი მიიღეს ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმაც. სხვადასხვა ასაკის 120 ბავშვი აქ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.