09 ივნისი

   საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა, 9 ივნისის სხდომაზე, პირველი მოსმენით  განიხილა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. კანონის პროექტი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილების აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისათვის დელეგირებას ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე მისმა ავტორმა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა. ცნობისათვის: ამ დროისთვის აჭარაში არსებულ 229 საჯარო სკოლაში 128  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

       კანონის პროექტს საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პირველი მოსმენით ერთხმად დაუჭირეს მხარი.

       აჭარის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული ინიციატივა, მომავალ კვირაში, პირველი მოსმენით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება.