14 ივნისი

         ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების რეალიზებისთვის, მათთვის სათანადო ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, საქართველომ მოახდინა რატიფიკაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციისა, რომელიც 3 წლის უკან შევიდა ძალაში. შშმ პირების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაც მომზადდა, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იყო კონვენციის პრინციპები და ვალდებულებები - ცნობიერების ამაღლება, ხელმისაწვდომობა და ინდივიდუალური მობილურობა, აზრისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება, განათლება, ჯანდაცვა, აბილიტაცია და რეაბილიტაცია, შრომა და დასაქმება, სოციალური დაცვა და ა.შ.; საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა შშმ პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიზანიც შშმ პირების გარემო პირობებთან ადაპტაცია და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობაა. თუმცა, ამ დრომდე პრობლემად რჩება ქვეყანაში შშმ პირთა მიმართებით არსებული კანონებისა და საერთაშორისო აქტების აღსრულება, მათი პრაქტიკაში გატარება და იმპლიმენტაცია.
არცერთ დიდ ქალაქში და არც რეგიონებში ინფრასტრუქტირა არ არის ადაპტირებული გარდა გარკვეული გამონაკლისებისა. ბუნებრივია, გარემო უფრო მეტად უნდა იყოს ადაპტირებული - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუჩები, შენობა-ნაგებობები.
არსებობს რიგი სოციალური შეღავათები, მაგრამ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება შშმ პირების დასაქმების საკითხი. ვფიქრობ, შრომის ბაზრის დარეგულირება შესაძლებელი იქნება, თუ სასწავლებლები ადაპტირებული იქნება და პროფესიული სასწავლებლებიც შეიქმნება, სადაც შშმ პირები ისეთ ხელობას დაეუფლებიან, რაც ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება.
ვფიქრობ, საზოგადოებაც არ უნდა იყოს ინერტული, ამ საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ აუცილებელია კერძო სექტორის წახალისება, კერძო სექტორის გააქტიურება შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად, ამ კუთხით ჩვენი კომისია აპირებს ღონისძიებების გატარებას. ასევე, მონიტორინგის განხორციელებას რიგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენი ბავშვი გადაურჩა ძალადობას და არასათანადო მოპყრობას, რამდენი პირი გააქტიურდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩაერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დისკრიმინაციის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა და რამდენმა მათგანმა მიმართა სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად.