14 ივნისი

      14 ივნისს, დონორთა საერთაშორისო დღეს სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისათვის მადლობის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, კერძოდ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისია. მადლობის სიგელი კომისიის თავმჯდომარეს ნუგზარ სურმანიძეს შპს „ჰემა 2012-ის“ ხელმძღვანელმა ბეჟან ბერიძემ სისხლის ბანკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გადასცა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები, ბანკის რეგულარული დონორები და სამედიცინო პერსონალი ესწრებოდა.

       უმაღლესი საბჭოს წევრებმა სისხლის ბანკის თანამშრომლებს დონორთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქმე, რომელსაც ისინი ემსახურებიან, სიცოცხლის გადარჩენის, ქვეყნისა და რეგიონის სამსახურია. კანონმდებლებმა მადლობა გადაუხადეს იმ დონორებსაც, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სისხლის ბანკთან და ათეულობით ადამიანს ჩუქნიან სიცოცხლეს. მათ მადლობის ნიშნად, სისხლის ბანკისაგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

        საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ, დონაციის დღესთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს 12-მა თანამშრომელმა სრულიად უანგაროდ გაიღო სისხლი. ცნობისათვის:  საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა წელს უკვე მეორედ ჩააბარეს სისხლი.