20 ივნისი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს ბიუროს 20 ივნისის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონის პროექტზე მოხსენებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარმოადგენს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხის განსახილველად დარგობრივ კომისიებს ვადად - 21 ივნისი განესაზღვრათ.

        ბიუროს წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებითაც - ინფორმაცია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ“ განსახილველად უმაღლესი საბჭოს კომისიებში ჩაეშვა, განისაზღვრა განხილვის ვადები.

    „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე იცვლება „სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ და „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებიც. შესაბამისი კანონის პროექტები ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით,  ყველა მათგანი უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში განიხილება. განისაზღვრა განხილვის ვადები.

     „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედება დაედო საფუძვლად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“,  უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“  და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს. შესაბამისი პროექტები ბიუროს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარადგინა. ყველა მათგანი  უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები.

       ბიუროს გადაწყვეტილებით, განხილვის პროცედურები იწყება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის N81 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მომზადებულ დადგენილების პროექტებთან დაკავშირებითაც. დავით გაბაიძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ასევე გამოწვეულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამ შემთხვევაშიც  ერთხმად განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები.

     ბიურომ სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.

      სხდომის ბოლოს კოლეგებს  სპეციალური განცხადებით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანო ანგარიშვალდებულია თითოეული ამომრჩევლის წინაშე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უახლოეს დღეებში გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიშით წარსდგება სამთავრობო და არასამთავრობო წრეების, ზოგადად საზოგადოებისა და მედიის წინაშე.