25 ივნისი

             25 ივნისი - მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, ბათუმში მრვალმხრივი ღონისძიებებით აღინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, ზურაბ პატარაძემ, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს თვამჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ხვიჩა შარაშიძემ, გიორგი მანველიძემ, ცოტნე ანანიძემ, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაშმა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა მე-10 ნავმისადგომთან გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოცდილ და მომავალ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს.

     საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო წელს პირველად გადაეცათ იმ მეზღვაურებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცით გამოიჩინეს თავი. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ მამა ილია კარტოზიას ძმა - ნიკოლოზ კარტოზია და მისი მეგობარი დეკანოზი შიო პაიჭაძე. საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისათვის დაჯიდლოვდნენ შორეული ნაოსნობის კაპიტნები და მეზღვაურები, ხოლო ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რამდენიმე პედაგოგს პროფესორ-ემერეტუსის წოდება მიენიჭა. მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით სტიპენდიები დაენიშნა აკადემიის ორ წარჩინებილ სტუდენტს.

     საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა დაღუპული მეზღვაურების ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

      დაჯილდოების ცერემონიის ბოლოს ცას ავიაშოუ ”FlyFest Georgia-ს“ მონაწილე თვითმფრინავებმა გადაუფრინეს.

            მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 2010 წელს, მანილაში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის - IMO-ს დიპლომატიურ კონფერენციაზე დაწესდა და იგი ჩვენს ქვეყანაში 2011 წლიდან აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ბათუმში  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.