29 ივნისი

       

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 29 მაისის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სხდომაზე, აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ წარმოადგინა.

          კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა, კომისიის შენიშვნები წარმოადგინა ნინო ჩხეტიამ. კანონმდებლებმა ინიციატივას, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამასთან, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ბიუროს კანონის პროექტის გამარტივებული წესით განხილვის წინადადებით მიმართავს.

          კანონმდებლებმა ამავე სხდომაზე იმსჯელეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც, რომლის განხილვის ვადა საშემოდგომო სესიამდე გახანგრძლივდა.