04 იანვარი

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარსა და ჩვენი ერის სულიერ მოძღვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს, 4 იანვარს, 84 წელი შეუსრულდა.

შეუფასებელია მისი ღვაწლი და დამსახურება ქართული ეკლესიისა და ერის სულიერი გადარჩენის საქმეში. ყველაზე მძიმე, სახიფათო წლებში, იმ დროს, როდესაც რწმენაზე საუბარიც კი დანაშაული იყო, უწმინდესმა შეძლო და ბეწვის ხიდზე გამოატარა ქართული ეკლესია, შეძლო და არა მხოლოდ გადაარჩინა, არამედ აშენა ტაძრები, ადამიანები შემოაბრუნა რწმენისა და სულიერებისაკენ, საქართველოს ეკლესიას დაუბრუნა წლების განმავლობაში დაკარგული ავტოკეფალია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეჭირვების ჟამს ყოველთვის იდგა თავისი ხალხის გვერდით და სულიერად ამხნევებდა მას. ჩვენი ერისათვის უმძიმეს წუთებში ის მზად იყო გაეზიარებინა თითოეული ადამიანის ხვედრი, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიოდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე.

განსაკუთრებულია პატრიარქის დამოკიდებულება საქართველოს ძირძველი მხარის-აჭარისადმი. ის წლების განმავლობაში სწორედ აქ მოღვაწეობდა და ამიტომაც განსაკუთრებულია მისი სიყვარული საქართველოს ერთიანობის მტკიცე ბალავრად და მეციხოვნედქცეული ჩვენი კუთხისადმი. მის ასეთ დამოკიდებულებას სიყვარულითვე პასუხობენ არა მხოლოდ მართლმადიდიბელი, არამედ მუსლიმი ქართველები, რომელთა მიმართაც უწმინდესსა და უნეტარესს ასევე დიდი სიყვარული აქვს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ულოცავს ჩვენი ერის სულიერ მოძღვარს დაბადების დღეს და ჯანის სიმრთელეს, მზეგრძელობას, დღეგრძელობას, კვლავაც ერისა და მამულის სამსახურში მოღვაწეობას უსურვებს.