13 ივლისი

   

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და ზურაბ პატარაძე, 13 ივლისს, სასტუმრო „ჰილტონში“ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით - „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრნენ. რიგით მე-14 საერთაშორისო ფორუმი მისი მონაწილეებისათვის საუკეთესო პლატფორმაა ევროკავშირსა  და მის სამეზობლოში არსებული გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების გამოწვევებისა და ამ პროცესებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების როლის განსახილველად.

        კონფერენცია გახსნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელი მაროშ შევჩოვიჩი და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  ვაზილ ჰუდაკი.

     საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ: საქართველოს, ევროკავშირისა და“აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

         ღონისძიების ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების საკითხები, ევროკავშირისა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმები და საქართველოს როლი რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში. აქვე ხელი მოეწერება სამ ფინანსურ შეთანხმებას - კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს გამოყოფის, ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3,5 მლნ ევროთი დაფინანსების, ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებებს.

       რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია 14 ივლისს დაასრულებს მუშაობას.