15 ივლისი

     15 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  ჯანმრთელობის  დაცვისა  და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე, ამავე კომისიის აპარატის თანამშრომლები, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელთან - ტარიელ ებრალიძესთან, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან თამარ ბახტაძესთან და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგესთან - გიორგი ნიკოლაიშვილთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭვანაში იმყოფებოდა. სოფლის ამბულატორიაში გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და სტუმრები ადგილობრივთა პრობლემებს გაეცნენ.

     სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ეგიდითა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მხარდაჭერით, ჭვანას მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდათ.

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი მანველიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ექიმებთან ერთად, ერთ-ერთი მძიმე ავადმყოფი მოინახულა და მის ოჯახს, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომას დაჰპირდა.