04 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 4 აპრილის რიგით მე-10 სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დეპუტატებს დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული 2 საკითხი წარუდგინა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა დღის წესრიგში კიდევ ერთი საკითხის დამატება მოითხოვა, რაც ბოლო პერიოდში ხეების გადატანასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე დეპუტატსა და სამართადამცველებს შორის გახშირებულ დაპირისპირებას შეეხებოდა.

ბიუროს წევრებმა დღის წესრიგის პროექტი აღნიშნული ცვლილებით დაამტკიცეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს კომისიებში ჩაეშვა, განისაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები. საკითხი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა.

უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას, ბიუროს გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფს წამყვანი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია. ანგარიშის ასევე განიხილავენ: საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიები.

მესამე საკითხთან დაკავშირებით, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, რომ ხეების გადატანით ზიანდება ეკოსისტემა. მან კოლეგებისაგან სათანადო რეაგირება მოითხოვა. საკითხის განხილვა ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა.

-დეპუტატი არ არის მეტყევე, მისი ამოცანა კანონშემოქმედება და მთავრობის საქმიანობის კონტროლია. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კომისიების გამსვლელი სხდომები, რაშიც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები არ მონაწილეობენ, -აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ელგუჯა ბაგრატიონის ბრალდების საპასუხოდ.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ წარმოდგენილი საკითხი ბიურომ ცნობად მიიღო.