20 ივლისი

                       

       20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „ჰილტონში“, საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ დაესწრო.

       კონფერენციას, რომელიც „საქპატენტისა“ და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში მესამედ ტარდება, ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები.

         საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის გენერალური საბჭოს სპეციალური მრჩეველი ჯეიმს უტმაიერი, ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების წარმომადგენელი ანუშ ავეტისიანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების კომისრის მოადგილე ჰე ჟიმინი, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კაჭკაჭიშვილი და საქართველოს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

       კონფერენციაზე, რომელიც სესიებად წარიმართება, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე, ამ კუთხით აპრობირებულ საუკეთესო სამართლებრივ მექანიზმებზე, ინოვაციურ მეთოდებზე, პრობლემებზე, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.

         საერთაშორისო კონფერენცია 21 ივლისს დაასრულებს მუშაობას.