21 ივლისი

        20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჩხეტია, სსიპ „აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან“ არსებულ ბათუმის ქალთა ოთახში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა.

       დონორები დაინტერესდნენ ქალთა ოთახებისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მემორანდუმით ნაკისრი თანამშრომლობითა და მიზნობრივი აქტივობებით. ნინო ჩხეტიამ ქალთა ოთახების პროექტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მუნიციპალიტეტების დონეზე, თავისუფალ სივრცეში მუნიცპალიტეტის  მოსახლეობასთან შეხვედრებისათვის, მათი საჭიროებებისა და პოზიციების გასაცნობად ამა თუ იმ საკითხის მიმართ. დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქალთა ოთახების მდგრადობასა და აქტიურ ფუნქციონირებას. მათ ამისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  გენდერული თანასწორობის საბჭოს მადლობა გადაუხადეს.

      შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით აჭარის რეგიონში ქალთა ოთახების ფასილიტაცია კავკასიის ალიანსების პროგრამამ სამი წლის წინ დაიწყო და მას   საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს დღემდე.

      ქალთა ოთახების მთავარი მიზანი მოსახლეობის ინფორმირება, მათი ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში და მათი საჭიროებების ლობირებაა  სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორების დონეზე.