24 აგვისტო

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 24 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვით კანონმდებელთა წინაშე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე წარსდგა. მასთან ერთად საკითხზე თანამოხსენება წარმოადგინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

      მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და მასში გაწერილი პროგრამების, ქვეპროგრამების შესრულების შესახებ, უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, რომელთა ნაწილი ხელვაჩაურის წყალმომარაგების, ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობას, ადლიაში არსებულ ვითარებას, ნაგავსაყრელისა და რიგ სხვა პრობლემატურ საკითხებს შეეხებოდა. უმაღლესი საბჭოს წევრის ნუგზარ სურმანიძის ინიციატივით, აქვე დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება ხელვაჩაურისა და ადლიის მოსახლეობასთან.

     სხდომას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე.

     მინისტრის მიერ წარმოდგენილი მიმოხილვა კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს ცნობად.