01 სექტემბერი

           აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები  - ვლადიმერ მგალობლიშვილი და დავით თედორაძე, 1 სექტემბერს, სარფში ახალი სკოლის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ.

         ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კერის მშენებლობის დაწყების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ,  საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, რეგიონის მთავრობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა  მომავალი შენობის საძირკველში კაფსულა ჩააგდეს.

        ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 759 000 ლარია.  სამ სართულიანი სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, კეთილმოეწყობა ეზო და ღია მოედანი , სკოლის მთლიანი ინფრასტრუქტურა. მშენებლობის დასრულებამდე სარფელი მოსწავლეები კვარიათის სკოლაში გადანაწილდებიან, ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით.