06 სექტემბერი

                                         

           საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის საიუბილეო  თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  დელეგაცია, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ წულაძის მეთაურობით, გერმანული მხარის მიწვევით, 4-5 სექტემბერს გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდთაგის წარმომადგენლებს შეხვდა.

       ქართულ დელეგაციას, ვიზიტის პირველ დღეს, ლანდთაგის პრეზიდენტის მოადგილემ დიტერ დომბროვსკიმ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბრანდენბურგის საკანონმდებლო ორგანოში შემავალი  პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე და ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე პავლე შპეტიშვილი.  შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა საკანონმდებლო საქმიანობის სპეციფიკაზე გაამახვილეს ყურადღება, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, გამოითქვა საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

       ვიზიტის მეორე დღეს აჭარის დელეგაცია ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდთაგის პრეზიდენტმა ბრიტა შტარკმა მიიღო. მან თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზგასმით ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომლებმაც საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის განმავლობაში ძირეულად შეცვალეს  ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. მომხსენებელმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად რეგიონული ურთიერთობების გაღრმავება დაასახელა და ხაზი გაუსვა ბრანდენბურგსა და აჭარას შორის ბოლო წლებში გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

       ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღი და მისი მნიშვნელობა შეაფასა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის მეთაურმა, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ წულაძემ. მისი განცხადებით, თანამშრომლობის პლატფორმამ, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა, მხარეებს მრავალმხრივი და ძალზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალება მისცა.

         ბრანდენბურგის ლანდთაგის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე თავისი მოსაზრებები გამოხატეს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აჭარის დელეგაციის წევრებმა და ლანდთაგში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.