11 სექტემბერი

                                                   

           აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, 11 სექტემბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.  ტრაგედიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა და 3 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 16 წელი გავიდა, თუმცა ამერიკელი ხალხის, ცივილიზებული მსოფლიოს ამ უდიდეს გულისტკივილს დღემდე არ ივიწყებს საერთაშორისო საზოგადოება.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს,  ამერიკელ ხალხს, ცივილიზებულ სამყაროს და აღნიშნა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ქვეყნის ტრაგედია.

     -ეს იყო დანაშაული არა მხოლოდ ამერიკის, ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ეს იყო მსოფლიოს დაშინების მცდელობა და სწორედ ამიტომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სხვანაირად ეს სენი ვერ დამარცხდება,- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

      ღონისძიება, რომელზეც აშშ-ისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები აჟღერდა, საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გენო მახარაძემ გახსნა. შეკრებილებს სითყვით მიმართეს ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებმა.

       დაღუპულთა სულების მოსახსენებლად დარბაზში აინთო სანთლები, გაიმართა ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.