17 სექტემბერი

 

      17 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მეუღლესთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო ჩხეტია, პეტრე ზამბახიძე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში,  ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

       საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზგასმით ისაუბრა კინოხელოვნების როლსა და დანიშნულებაზე, სახელმწიფოთა შორის კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებისა და ჩვენი ქვეყნის, რეგიონის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. დავით გაბაიძემ ფესტივალის ორგანიზატორებსა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

         კინოფესტივალი „BIAFF“ 2006 წელს დაარსდა. მისი ორგანიზატორი ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ქალაქ ბათუმის მერიაა.  

     გახსნის ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი. ორგანიზატორებმა მას  კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზი გადასცეს მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აქვე შესრულდა გია ყანჩელის ნაწარმოებები. ღონისძიებაზე კიდევ ერთი სპეციალური პრიზი - სამსახიობო ოსტატობისათვის გადაეცა ვახტანგ კიკაბიძეს.

      კინოფესტივალი, რომელიც 8 დღე გაგრძელდება, გაიხსნა გიორგი ოვაშვილის ფილმით -„ხიბულა“, რომლის საერთაშორისo პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა. ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი კინომოყვარულებს ამჯერად 30 ქვეყნის დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრულ/დოკუმენტურ და 40 მოკლემეტრაჟიან ფილმს შესთავაზებს.