19 სექტემბერი

                    

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 19 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს წევრებმა ერთხმად მიიღეს ცნობად.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ, რომლის ინიციატორი უმაღლესი საბჭოს წევრი გია აბულაძეა, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე ვერ განიხილება. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მომხსენებლის განმარტებით, ინიციატივა არ არის სათანადოდ მომზადებული.

           უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომისიები 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშებით უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარსდგებიან. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის წინადადებით, სამი დარგობრივი კომისიის ანგარიში  უმაღლესი საბჭოს უახლოეს, დანარჩენი სამის კი, მომდევნო სხდომაზე განიხილება.

      აქვე განისაზღვრა საკანონმდებლო ორგანოს უახლოესი - 21 სექტემბრის  სხდომის დღის წესრიგი და მასში 5 საკითხი შევიდა.

       ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. საბჭოს დებულება ბიუროს წევრებს ამავე კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ წარუდგინა.