31 ოქტომბერი

                           

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ, 31 ოქტომბერს, მორიგი გასვლითი სხდომა ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (BAU) გამართა. სხდომას, კომისიის წევრებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდნენ.            

      კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, ჰოსპიტალმა დაარსებიდან მცირე დროში წარმატებული კლინიკის სახელი დაიმკვიდრა, რაც მისი დირექტორის, საუკუნის ექიმის, ცნობილი კარდეოლოგის ისმეთ დინდარის (მიქელაძე) უდიდესი დამსახურებაა.

           ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საქმიანობასა და არსებული გამოწვევების შესახებ უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე მოხსენებებით სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ისმეთ დინდარი (მიქელაძე) და კლინიკური დირექტორი ნინო ქაჯაია წარსდგნენ. როგორც მათ აღნიშნეს, კლინიკა, რომელიც 2012 წლის ივნისში დაარსდა, 50 საწოლზე იყო გათვლილი,  თუმცა, ამჟამად სამედიცინო დაწესებულება 150-საწოლიანია და აქ 450 ადამიანია დასაქმებული.  ადგილობრივი, თბილისიდან და უცხოეთიდან მოწვეული საუკეთესო ექიმ-სპეციალისტების მომსახურებით 16 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.    

     დეპუტატები და მედიკოსები აჭარის მუნიციპალიტეტებში ერთობლივი საქველმოქმედო აქციების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

        სხდომის დასასრულს დავით გაბაიძემ, მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა კლინიკის ექიმებსა და მედპერსონალს მადლობა გადაუხადეს მოსახლეობისთვის გაწეული მაღალხარისხიანი მომსახურებისთვის.

         კომისიამ წარმოდგენილი ანგარიში ერთხმად მიიღო ცნობად.