12 ნოემბერი

                               

    12 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მერაბ კარანაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, დავით თედორაძე, ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე, აღმასრულებელი,  საკანონმდებლო ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები, სასტუმრო ჰილტონში, მერის უფლებამოსილების სიმბოლურად გადაცემის არაოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

      ახალ ტრადიციას საფუძველი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ჩაუყარა, რომელმაც თავის მხარდამჭერებსა და თანამშრომლებს  მადლობა გადაუხადა, ახლადარჩეულ მერს ლაშა კომახიძეს კი ახალი თანამდებობა მიულოცა და  ბათუმის  სიმბოლური გასაღები გადასცა.  

     ინიციატივას მიესალმნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, რომლებმაც გიორგი ერმაკოვს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ქალაქის ახალ მერს წარმატებები უსურვეს.    

   „დემოკრატიულ მმართველობას დემოკრატიული ტრადიციები ქმნის და დღეს სწორედ ასეთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ყოფილი მერი არჩეულ მერს უფლებამოსილებას საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში გადასცემს; ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბათუმი ნამდვილად არის ევროპული ქალაქი“ – აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა ლადო მგალობლიშვილმა და ამ ტრადიციის დანერგვისთვის მადლობა გადაუხადა გიორგი ერმაკოვს, ხოლო ახლად არჩეულ მერს ლაშა კომახიძეს წარმატება უსურვა.

დავით გაბაიძემ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან წინამორბედი მერი მის შემცვლელს ძალაუფლებას  წარმატების სურვილით  გადასცემს.