15 ნოემბერი

       

    15 ნოემბერს გაიმართა უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი უძღვებოდა.

      კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, რომლებიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარმოადგინა. მანვე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან - ინგა შამილიშვილთან ერთად უპასუხა კომისიის წევრების შეკითხვებს.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი კომისიის წევრებმა პირველ საკითხად განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით, გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები შესაბამის დასკვნაში აისახება, რომელიც წამყვან კომისიას გადაეგზავნება.

            კომისიამ 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღო.