28 ნოემბერი

         წუთიერი დუმილით დაიწყო უმაღლესი საბჭოს ბიუროს 28 ნოემბრის სხდომა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა - სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ბათუმში, 24 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“  ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა და ასევე ამ დღეებში, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას.

         კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ორივე პროექტი, უმაღლესი საბჭოს შენიშვნებითა და წინადადებებით, აჭარის მთავრობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გადაეგზავნება.

       მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვაც, რომელიც ბიურომ ცნობად მიიღო.

       ბიუროს გადაწყვეტილებით, რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციატორები: უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია), რომელიც სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, მესამე მოსმენით უმაღლესი საბჭოს მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილება.

       ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე, რომელიც  ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების უფროსმა ილია თურმანიძემ წარმოადგინა.

       კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე სულ დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.