01 დეკემბერი

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკანონმდებლო ორგანოს წევრები აჭარის მთავრობაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ, რომლის მიზანიც უახლოეს დღეებში საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფაა.

       მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონში შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც საგანგებო სიტუაციებში შს სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად იმუშავებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ რეგიონის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

      უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სამუშაო შეხვედრაზე საუბარი სწორედ საკოორდინაციო საბჭოს ძირითად ფუნქციებზე წარიმართა. ახალი ორგანო, შეისწავლის პრევენციული ღონისძიებების ხელისშემშლელ მიზეზებს, რეკომენდაციებს გაუწევს სხვადასხვა უწყებას იმოქმედოს ეფექტურად და ოპერატიულად საგანგებო ვითარებაში. საუბარი შეეხო სასწავლო კომპონენტსაც, რომელიც საჯარო მოხელეებისა და სხვადასხვა, ე.წ. მაღალი რისკის მქონე უწყებებსა თუ ობიექტებში, მათ შორის კერძო სექტორში დასაქმებულთა გადამზადებას ითვალისწინებს, რათა მათ შეძლონ საგანგებო ვითარებაში ოპერატიული რეაგირება და სავალალო შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილება, თუნდაც სპეციალური სამსახურების მოსვლამდე.

     დავით გაბაიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოხდეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ინიცირება. ამასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამენ, ბიუჯეტში გაითვალისწინონ ამ კუთხით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებებისათვის საჭირო დაფინანსება.

    როგორც საკონსულტაციო შეხვედრაზე აღინიშნა, საკოორდინაციო საბჭო კრიზისების უფრო ეფექტურად და მოქნილად მართვას შეუწყობს ხელს.