08 დეკემბერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ქვემო სილეზიაში ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს წევრებთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქვემო სილეზიის მარშალს, ცეზარი ფშიბილსკის შეხვდა.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 2015 წელს მოეწერა და დღემდე რეგიონებს შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოლონეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტების გაფართოების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის შედეგებით მიღწეულ წარმატებებს სხვადასხვა დარგში. დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს თანამშრომლობისათვის და მხარდაჭერისათვის: „ვაფასებთ ოფიციალური ვარშავის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც მუდმივად ფიქსირდება ყველა შეხვედრაზე ნებისმიერ დონეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკის და ასევე, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე არაერთი პროექტის წარმატებით განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი რეგიონის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ სხვადასხვა უწყების ორგანიზებული თანამშრომლობით დაგეგმილია პირდაპირი საჰაერო რეისის დამატება ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით“,- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. დღესვე გაიმართა სამუშაო შეხვედრა სეიმის დეპუტატებთან, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმის წევრებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ წინადადებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ბრუსელის წარმომადგნელობაში აჭარის წარმომადგნელების სტაჟირების პროგრამის განხორციელება და სხვადასხვა საკითხზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ერთად სამუშაო შეხვედრის ორგანიზება. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საელჩო მზადაა აქტიურად ჩაერთოს თანამშრომლობის პროცესში და მხარი დაუჭიროს როგორც ტურიზმის, ასევე, სხვა სფეროებში მომავალი გეგმებისა და აქტივობების განხორციელებას.
პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანს, აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.