08 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ნინო ჩხეტია, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე, დავით თედორაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი მიხეილ ართმელაძე ვროცლავში პოლონურ-ქართული გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართა: „ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში ბევრი კულტურათაშორისი დიალოგის მაგალითი არსებობს, რაც ხელს უწყობს ორი განსხვავებული კულტურის მქონე ერის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია დღევანდელი გამოფენა, რომელიც ჩვენი რეგიონების კულტურის სფეროებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს და განხორციელდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით“.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც პოლონელმა ფოტოგრაფებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს და დაათვალიერეს ამ კუთხის მრავალფეროვანი კულტურა, ბუნებრივი მრავალფეროვნება, არაერთგვაროვანი რელიეფი, მოსახლეობა, ღირსშესანიშნაობები და ადგილობრივი ყოფა-ცხოვრება, რეგიონებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიმდინარეობისას ქვემო სილეზიაში იმყოფებოდა 4 ქართველი ფოტოგრაფი, რომლებმაც ასევე დაათვალიერეს და გადაიღეს რეგიონის ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოები.
რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი 2015 წელს მოეწერა, სხვა სფეროებთან ერთად ითვალისწინებს კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობას.
დღის ბოლოს აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის წევრებმა ვროცლავის ონკოლოგიური საავადმყოფო დაათვალიერეს.