მართლმადიდებელი სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

07 იანვარი

     შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში  ალილოთი გაგრძელდა. საზეიმო მსვლელობას   დასაწყისშივე  შეუერთდნენ  აჭარის უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარე  დავით  გაბაიძე, უმაღლესი  საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და  აპარატის  თანამშრომლები.

      შობის  მახარობლებმა  ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან  მსვლელობა 12 საათზე დაიწყეს და თავისუფლების მოედანზე, ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან დაასრულეს.   

    მეალილოეებს გზად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის თვითმმართველობის, ჩოხოსანთა დასის აჭარის სადროშოსა და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ და საშობაო ნობათი გადასცეს.

     -სრულიად საქართველოს   ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღის მადლი  მოეფინოს  ჩვენს ქვეყანას  და ოჯახებს, - აღნიშნა   დავით  გაბაიძემ.

     მსვლელობისას შეგროვებული  ტკბილეული და   საჩუქრები, ტრადიციულად,    ხელმოკლე  ოჯახებს  და უპოვარებს გადაეცათ.

    საშობაო ალილო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში V-VI საუკუნიდან დამკვიდრდა,    აჭარაში ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით განახლდა, წელს მე-12-ედ აღინიშნა.