12 იანვარი

                           

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები - ირაკლი კობახიძე და ნინო გვენეტაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის - ევა გოცირიძის ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

      ფიცის დადების შემდეგ შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა. ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს როლსა და მნიშვნელობაზე, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს დახვეწილი და დემოკრატიული უზენაესი კანონი. პარლამენტის თავმჯდომარემ ევა გოცირიძეს საპასუხისმგებლო თანამდებობა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

       ცერემონიის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ნინო გვენეტაძემ ახლად განწესებული მოსამართლის ღვაწლსა და გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი სახით საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული წევრი შეემატა.

       ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე აირჩია. ახალი მოსამართლე, რომელმაც ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა, 10 წლის განამვლობაში შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მოვალეობას.