29 იანვარი

                      

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის რიგით მეცხრე საჯარო განხილვა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა.

       „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ამჯერად აჭარაში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტ-ახალგაზრდობისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, წინა მოწვევების საკანონმდებლო ორგანოს წევრებს გააცნეს. შეხვედრას, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა გახსნა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

       რა სახის ცვლილებებს გვთავაზობს კანონის პროექტი, რა კუთხით იცვლება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები, მისი კომპეტენციები, როგორ რეგულირდება ურთიერთობები სახელისუფლებო ორგანოებს შორის, რამდენად პროგრესულია კანონის ახალი რედაქცია მოქმედ კონსტიტუციასთან, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

      კანონის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები გამოხატეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - თენგიზ თევზაძემ (აკადემიური წრეები), ვლადიმერ მგალობლიშვილმა, პეტრე ზამბახიძემ (დამოუკიდებელი დეპუტატი), ილია ვერძაძემ.

    საორგანიზაციო კომისიის წევრებმა, ისევე როგორც წინა შეხვედრებზე, უპასუხეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან, მის კომპეტენციებთან და რიგი უფლებამოსილებების დელეგირებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. საჯარო განხილვისას  გამოითქვა რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადება და რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინება, დავით გაბაიძის შეფასებით, მიზანშეწონილი და მნიშვნელოვანია.

     საჯარო განხილვა ბათუმის უნივერსიტეტში რამდენიმე საათს გაგრძელდა და კითხვების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

      საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომდევნო, რიგით მეათე საჯარო განხილვა ხვალ, 30 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონის“ საკონფერენციო დარბაზში, 11 საათზე გაიმართება. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მთავრობის წევრები, ქალაქ ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეები დაესწრებიან.